ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ტანგო ირანში

ტანგო ირანში

- ნეტა დღესაც თუ გამაცილებს?- ყავას ვსვამდი თან იმედის მომცემ სიხარულს ვებღაუჭებოდი, რომელიც ჩემს არსებაში ხან ბედნიერების სახით წყალუხვ მდინარესავით იზრდებოდა ხანაც დამშრალ წყაროსავით პატარავდებოდა.

 როდესაც სამსახურში ყველანი მოვიდნენ,კაბინეტიდან გამოსულმა ფერჰატმა გვერდი ისე ჩამიარა,ჩემსკენ არც შემოუხედავს, არ მესიამოვნა, რადგან მეგონა რომ ყველას თვალწინ საცოლედ გამომაცხადებდა.თვალის უპეებზე მომდგარი ცრემლები მალულად შევიმშრალე თან საქმის კეთება განვაგრძე.

იმ დღეს რამდენჯერაც ამიარ- ჩამიარა იმდენჯერ შევავლე თვალი, ველოდი ჩემსკენ მოიხედავდი მაგრამ ამაოდ.

- ნუთუ ასე ადვილად უნდა დავთანხმებულიყავი,ის ხომ არაა ჩემი უფლის მიმდევარი? რა საერთო უნდა მქონდეს მასთან?- ვუბრაზდებოდი საკუთარ თავს , მაგრამ ჩემს მეორე ,, მეს" , რომელიც ფერჰატზე გიჟდებოდა ვერაფერს ვუხერხებდი.

დღემ ისე ჩაიარა, ახლოსაც არ გამკარებია. ასე მოხდა მეორე დღესაც, მისი მხრიდან სრულ უყურადღებობას განვიცდიდი.

მესამე დილას მოულოდნელად ბარის კარებთან დამხვდა

მომღიმარი, თვალით კვლავ კაბინეტისაკენ მანიშნა, ცოტა ყოყმანის შემდეგ მაინც გავყევი.როგორც კი ოთახში შევედით უმალ გულში ჩამიკრა და დამშვიდება დამიწყო.

- იცი ძვირფასო, მომიტევე უყურადღებობა,

უთვალავი საქმე მაქვს, ბიზნესის ამბებია, ვერ აგიხსნი, მაგრამ მერწმუნე მიყვარხარ.

თან თითებით სახეზე მეფერებოდა,თვალდახუჭული ვუსმენდი და ნეტარების მორევში ვიძირებოდი.

- კარგი, არაუშავს- მივუგე სწრაფად და მისდაგასაკვირად ხელიდან დავუსხლტი- ეს ერთგვარი პასუხი იყო იმ საქციელზე, როგორადაც ამ დღეებში იქცეოდა, მაგრამ არ დანებდა ზურგიდან წამომეწია და წელზე ხელები შემომხვია. ტუჩებით კისერზე მეხებოდა თან საალერსო სიტყვებს არ იშურებდა.

- ასე არ შეიძლება- თავი გავინთავისუფლე, ფერჰატი მაინც გამარჯვებული იერით მიმზერდა, რადგან უთუოდ გაიგონებდა ჩემი გულისცემის ბგერებს, დაინახავდა აცახცახებულ ხელებს, ალმურმოდებული სახე კი ჩემს შესახებ საბოლოოდ ეტყოდა სიმართლეს.

როგორც მოველოდი ისე კაბინეტისაკენ შეტრიალდა და წავიდა.

მისი უყურადღებობა შემდეგ დღეებშიც გაგრძელდა.

ვერაფერი გამეგო ამ კაცის, ხან მეშვიდე ცამდე არწივივით ამიტაცებდა , ხანაც მაღლიდან ძირს მანარცხებდა.

ამ ტკივილს ფარულად განვიცდიდი, ვერც საკუთარი თავის გამეგო რამე,ვერც მისი

ერთ დღესაც ვეღარ ავიტანე და ელენესთან გავიქეცი სამსახურში.

ჩემმა მისვლამ მეგობარი ძალიან გაახარა,მე მას თავის მოძღვართან წაყვანა ვთხოვე,რადგან ერთი გასაუბრება ამ საკითხდან დაკავშირებით ძალიან მჭირდებოდა.

- ხვალ წაგიყვან- შემითანხმდა ელენე და ერთმანეთს მალევე დავემშვიდობეთ.

მივდიოდი ჩემს გზაზე და ფერჰატზე ფიქრი მძიმე ტვირთივით დამქონდა.

- რა მოქმედებაა ეს?- იქნებ ამათი წესია ესე მოქცევა- აღარც კი ვიცოდი რა მეფიქრა.

დამევიწყებინა? მაგრამ როგორ? რა დამავიწყებდა იმ ამბორს,რომელსაც მამაკაცთან პირველი შეხება ერქვა.

კარგა ხნის ჩამოღამებული იყო, ფეხებს ძლივს მივათრევდი,შინ მისვლა არ მინდოდა, გზად პატარა სკვერში ძელსკამზე ჩამომჯდარმა მთელი არსებით ვინატრე საყვარელი მამაკაცის ხილვა.

ოციოდე წუთი არ იქნებოდა გასული, რომ შხაპუნა წვიმა წამოვიდა, როგორ მეამა წვიმის წვეთები, სიგრილე რომელიც მისწრება იყო ჩემი მდგომარეობისათვის.

უეცრად ჩემს ფეხებთან მანქანა გაჩერდა:

- გავისეირნოთ?- მომმართა ნაცნობმა ხმამ.

- ფერჰატ- გაოცებისაგან ფეხები მომეკვეთა.

- მოდი- მანქანის კარი გამოაღო, თან სკამზე მიმითითა:- დაჯექიო.

გაოცებული მივჩერებოდი, სხვა დროს იქნებ არც ჩავჯდომოდი, მაგრამ ისე მენატრებოდა, ისე მჭირდებოდა უარი ვერ ვუთხარი.

რაღაც მტაცებლური იერით გადმომხედა და თავადაც არ ვიცი საითკენ აიღო გეზი.

იმ წუთებში მართლა არ მანაღვლებდა საით მივყავდი,

არაფერზე მეფიქრებოდა, რადგან მისი სიახლოვე ბედნიერების შესამოსელში მხვევდა.მე კი ამის მეტი აღარაფერი მინდოდა.

ვერ ვუსაყვედურე, ვერც ვერაფერი ვუთხარი, ის კი არადა დამავიწყდა კიდეც მისი უცნაური მოქმედებები.

მთელი გზა მალულად გავხედავდი ხოლმე, ის თავისთვის ფიქრობდა მე ჩემთვის.

როგორ მომინდა ამ დანაწევრებული ნატეხების ერთმანეთზე მიწებება, რომ ერთ მთლიან ჭურჭლისათვის საიმედოდ მეყურებინა.

ფერჰატმა მოულოდნელად მანქანა გააჩერა, მიმოვიხედე და კახეთის გზატკეცილი ვიცანი.

- მშობლებს უნდა დავხვდე- თავადვე დაარღვია სიჩუმე.

-მართლა?-გამიხარდა რატომღაც

- რათქმაუნდა , მინდა გაგაცნო , ამიტომაც წამოგიყვანე.

- მზად რომ არა ვარ- დავიმორცხვე

-ჰოო-ჩაეცინა მას- მართლაც არ ყოფილხარ- მოკლე კაბაზე შემავლო თვალი.

შემრცხვა, ხელებით სამოს ვექაჩებოდი, ეტყობა ამან უფრო სასაცილო გამხადა მის თვალში , რადგან ის იცინოდა გულიანად ისე ,რომ თვალები ცრემლებით აევსო.

- შინ რომ წაგიყვანო დროს დავკარგავთ, ამიტომ ეს ჰიჯაბი მოიხვიე.

მან ყუთში ჩადებული მუქი ფერის მოსახვევი გამომიწოდა.

 მოკრძალებით გამოვართვი და არ ვიცოდი როგორ მომეხვია.

მან ჯერ მზერა გამიშტერა მე თავისკენ მიმიზიდა და ვნებიანი ამბორით შეეცადა ჩემს დატყვევებას.

მეც თითქოს გონება მეთიშებოდა, მაგრამ რაღაც ძალა მაფხიზლებდა, მომიწოდებდა, რომ სირცხვით დამწვარიყავი.

მისდა გასაკვირად ხელიდან დავუსხლტი და შეშლილივით აქეთ- იქით ვაცეცებდი თვალებს.

- ჯერ მშობლებს გაგაცნობ, მერე ჩემს ქვეყანაში წაგიყვან- უჩემოდ გადაეწყვიტა ფერჰატს.

მერე რაღაცნაირი ჰიპნოზისმაგვარი მოქმედებებით დამიყოლია და მანქანის უკანა სავარძელზე გადამსვა.

 მოულოდნელი ამავდროულად სწრაფი მოძრაობით უმალ ჩემს გვერდით მოკალათებულმა სახე სულ ახლოს მომიტანა.

- შენი მშობლები?- ვეკითხები

- ისინი უკვე ჩამოვიდნენ ხვალ გაგაცნობ- სიტყვა არ ქონდა დასრულებული, რომ ჩემი კაბის ღილის დავარდნის ხმა გავიგონე. თითქოს ძირს დაცემისაგან ამოიკვნესაო ისე გაუჩინარდა.

არ ვიცოდი ეს რა იყო, ან რა უნდოდა ამ გადამთიელს,თავისი თითქოსდა ქვეწარმავლივით მსგავსი მოძრაობით რომ დასრიალებდა ჩემს მკლავებზე, რომელიც თითქოს სასიამოვნოც იყო ამავდროულად უსიამოვნო შეგრძნებებს ტოვებდა.

- არ გინდა- მუდარით შევთხოვდი, მაგრამ მას უკვე აღარაფერი ესმოდა, თავდავიწყებით მკოცნიდა თან როგორც ბრმა ისე ამოძრავებდა ხელებს ჩემს ტანზე,რათა გავეძარცვე სამოსისაგან.

- რაღა დარჩება საინტერესო- მომაგონა ზებუნებრივმა ძალამ, რომელმაც თითქოსდა ხელისკვრით ჩემი დაცემული მდგომარეობიდან წამომაყენა.

- არა, არა- გავყვიროდი, თან უსუსური ხელებით ვუძალიანდებოდი მოძალადეს.

- კარგი, მარიცა დამშვიდდი,- პოზიციები შეცვალა ფერჰატმა.

 შენ ხომ ისედაც ჩემი ხარ, ამიტომაც თავის შეკავება გამიჭირდა.

-არა, არა - ჯიუტად ვიმეორებდი, თან ცრემლები ნიაღვარივით მდიოდა.

- მე შენ ირანში წაგიყვან, უზარმაზარ სახლში ვიცხოვრებთ, წალკოტში გეგონება თავი, ყველაფერი საუკეთესო მემეტება შენთვის- მამშვიდებდა იგი, ამავდროულად თავისივე ხელით მაცმევდა კაბას.

- ხვალვე წავიდეთ მეტი აღარ შემიძლია- განაგრძობდა ის, თან თავზე ხელს მისმევდა.

აღარაფერი მიპასუხნია, გონებით დავეძებდი იმ ბედნიერ წუთებს, რომელიც ჩვენი შეუღლებისთანავე დაიბადებოდა. და ეს მოლოდინი ზეცასავით ამაღლებული უნდა ყოფილიყო და არა ასეთი დაცემულობის მსგავსი, ტკივილისა თუ უბედურების მომტანი.

იმ ღამეს ცისფრად მოსილი ულამაზესი ქალწული მესიზმრა, ყრმით ხელში, დედა იყო, მაგრამ არა უბრალო მოკვდავი, მის სახელს ეკლესიებში უგალობენ. დედოფლურ იერზე ვიცანი- ღვთისმშობელი მარიამი.

დიახ, უფლის დედამ სიზმრისეულ ჩვენებაში მაუწყა: - შენ ცეცხლოვან გზას გაივლი, მაგრამ ჩემი მფარველობა გექნებაო და მაკურთხა.

ვერაფერს მივხვდი, სავსებით ვერაფერს, მაგრამ ცხადია სულ სხვა ნეტარებაში აღმოვჩნდი , ამიტომაც აღარ მინდოდა სიზმრიდან გამოსვლა.

ღმერთმა ხომ იცის, როგორ მჭირდებოდა დედის მზრუნველობა.

- მე მას არასდროს ვუღალატებ.

-გადავწყვიტე და ელენესთან მაღაზიაში გავიქეცი.

ადრიანად მომიხდა მისვლა, ათის ნახევარი იყო, მაღაზია კი ათ საათზე იღებოდა.

მცირე ხნით მოვიცადე, ელენეც დროულად მოვიდა. იქვე საცხობში ქადები ვიყიდე და მეგობარს ყავის მოდუღება ვთხოვე.

ელენემ ჯერ საკმეველი აკმია , დილის ლოცვა წაიკითხა და ყავა მერე მოხარშა.

-რა გემრივლად გამოგდის- ვსვამდი თან სახეზე კმაყოფილება მეხატებოდა.

- მართლა?- ეღიმებოდა მას, ბოლოს ელენემ ეკლესიის ადგილმდებარეობა მითხრა და შემახსენა რომ მოძღვართან მივსულიყავი.

- მივალ აუცილებლად.

- ძალიან კარგი

- ის ბიჭი აღარ გამოჩენილა?- დავინტერესდი.

- არა, აღარ , როგორ შემებრალა.

ნეტავ თუ მივიდა შეყვარებულთან?

- ეჰ- მხრები ავიჩეჩე და კერებისაკენ გავიხადე რაღაცის მოლოდინში.

წარმოვიდგინე რომ წუთი- წუთზე შემოვიდოდა. შემოვიდა კიდეც, მაგრამ ის არა, არამედ თმა გაბურძგნული შუახნის კაცი, რომელიც ელენეს შინაურულად მიესალმა.

- ხომ იცი რაც მინდა - გაგვიღიმა პასუხის მოლოდინში.

- ძაფი და სანთლები- მიუგო მეგობარმა.

- აუცილებლად, მთავარია წმინდა ცეცხლი არ ჩამიქვრეს, არც ზეთს ვაკლებ კანდელს და არც ძაფს.

- რამდენი მოგართვათ?

- თხუთმეტი ცალი ძაფი და ოცი ოც თეთრიანი სანთელი.- არ დაიბნა მამაკაცი.

- ელენემ პარკში ჩაულაგა და გადასცა შენაძენი.

მან თავის მხრიდან ისე სიფრთხილით ჩამოართვა თითქოს ეშინიაო, კანდელიდან ზეთი არ დაქცეულიყო .

- კარგად ბრძანდებოდეთ- დაემშვიდობა მეგობარი.

- ნახვამდის - მიუგო მან და დარბაისლური ნაბიჯებით დატოვა იქაურობა.

- რა ცეცხლზე ლაპარაკობდა?

- წმინდა ცეცხლზე, იერუსალიმიდან.

- რა საოცრებაა, ოდესმე თუ მეღირსება მანდ მოხვედრა?- ვინატრე უიმედოდ.

- ცხოვრებაში ყველაფერი ხდება მარიცა.- დამაიმედა ელენემ.

ის იყო წასასვლელად მოვემზადე,რომ თვალწინ დამიდგა ჩემი წუხანდელი სიზმარი.

კარების მხარეს, ხელმარცხნივ , ცისფრად მოსილი ღვთისმშობლის ხატი ვიცანი.

- რა ჰქვია ხატს?- დავეკითხე მეგობარს.

-უჭკნობი ყვავილი,

გასათხოვარი ქალიშვილების მფარველი.

- შევიძენ- სიხარულით წამოვიძახე და ჩანთიდან საფულე დავაძვრინე.

- არა, არა- არ დამანება ელენემ, ხატი ფრთხილად აიღო და სასაჩუქრე ჩანთით გამომიწოდა.

- ჩემგან- დააყოლა და ხელში დამაკავა.

მადლიერებით აღსავსემ გავუღიმე და ლოყაზე ვაკოცე.

ბედნიერი წამოვედი მაღაზიიდან, ფეხებს ასფალტს კი არ ვაკარებდი, არამედ მოვფრინავდი.

მამა გიორგისთან წასვლა ხვალისათვის გადავდე, რადგან გვიანდებოდა, ამიტომაც რუსთაველის მეტროსკენ ავიღე გეზი.

-ხომ არ დაიგვიანე?- ბარის კართან მდგარი ფერჰატისაგან შენიშვნა მივიღე.

- მომოტევე- თავჩაღუნულმა მივუგე და სამზარეულოსაკენ გავემართე.

-შეჩერდი- მან მკლავზე ხელი შემავლო და თვალებში ჩამხედა- სად იყავი?

- მეგობარს სამსახურში გამოვუარე- მივუგე ალალად

- აჰა, გასაგებია,ჩვენზე უამბე?- ჩაეცინა

- შენ წარმოიდგინე არა ფერჰატ.- იმედი გავუცრუე.

-მკვახედ მელაპარაკები მარიცა.

- სამუშაოდ მოვედი- მივუგე და ჩემი საუბრის ტონმა აღმაფრთოვანა.

- კაბინეტში გელოდები- თქვა და წავიდა.

უმალ არ გავყევი, რადგან სულ აღარ მხიბლავდა ჩემი მორჩილი ხასიათი.

მაგრამ ვიცოდი არ მომეშვებოდა და მეც კაბინეტისაკენ გავემართე.

ოთახში ორი უცხო ადამიანი დამხვდა: ქალბატონი და მამაკაცი.

გაოცებულმა გადავხედე ფერჰატს.

- მამაჩემი მუჰამედი და დედა ზეინაბი, იცნობდეთ ერთმანეთს- ფერჰატმა თავის ენაზე დედას რაღაც გადაულაპარაკა, რის შემდეგაც ქალი ჩემსკენ წამოიწია და გულში ჩამიკრა.

მე თავი მოვიდრიკე მის წინაშე , მან კი როგორც დედამ ისე დამლოცა.

შთაბეჭდილებების ქვეშ მოვექეცი, ცხოვრება სულ უფრო და უფრო მაკვირვებდა თავის უცნაური ხასიათით.

ერთ დღეს მივიღე კურთხევა ქრისტეს დედისაგან და ამავდროულად დალოცვა ალაჰის მიმდევართაგან.

ჯვარზე ვიტაცე ხელი და სიკვდილამდე უფალს ჩემი ერთგულება

                                               

ჩვენთან ბარში ოცი წლის სალომესთან გამოვნახე საერთო ენა. მარტოსული ჩანდა, სევდიანი თვალებით, მისი ბედით დავინტერესდი:

-მშობლები გყავს?-ერთ დილას ვეკითხები თან ჭიქა ყავაზე დავპატიჟე.

-დედა მყავს, მამა არა- მომიგო და თვალზე ცრემლი ჩამოუგორდა.

- რა გატირებს?- ჩავეძიე

- ის, რომ დედაჩემი მოულოდნელად დაბრმავდა- თავი ჩაღუნა გოგონამ

ჩვენი დუმილი ფერჰატის შემოსვლამ დაარღვია, ორივეს მოგვესალმა და თვალით კაბინეტისკენ მანიშნა.

არ გამოდიოდა ასე ერთბაშად დამეტოვებინა დანაღვლიანებული სალომე ამიტომაც თავი მოვიკატუნე , ვითომ მისი მიმიკა ვერ დავაფიქსირე.

- სამწუხაროა ძვირფასო, თუ რამე დაგჭირდეს შენს გვერდით მიგულე- მივუგე და მეგობრულად მივიხუტე.

გოგონას თვალებში სხივი ჩაუდგა, თითქოს გამოიდარაო ისე შემომცინა. დავპირდი, რომ დასვენების დღეს ვესტუმრებოდი.

- მეგობარი არასდროს მყოლია, როგორ გამახარე მარიცა- ლოყაზე მაკოცა და თავის საქმიანობას დაუბრუნდა.

რაც მთავარია მე არ წავსულვარ ფერჰატთან, პირიქით ველოდებოდი თავად როდის ინებებდა ჩემთან მოსვლას. ორიოდ წუთში განაწყენებული სახით მომიახლოვდა:

- ასე რატომ მექცევი?

- როგორ ფერჰატ?

- ყურადღებას არ მაქცევ!

-საქმეები მაქვს ხომ ხედავ?

- საქმე ჩემზე უმთავრესია?- არ ელოდა ასეთ პასუხს.

- საქმეებზე ეჭვიანობ?- გამეცინა თან შევახსენე საქმეების გამო თავის ადრინდელი მოუცლელობა.

- სამაგიეროს მიხდი?- დაასკვნა და პასუხს არც დაელოდა ისე მაქცია ზურგი.

მე თითქოს რაღაც ჩამწყდა გულში, რადგან გამებუტა და აღარ ვიცოდი რა გზით შემომერიგებინა. სამწუხარო ის იყო, რომ არ დამცალდა მასთან სალომეს შესახებ დალაპარაკება, ხელფასის მომატებასთან დაკავშირებით.

გადავიფიქრე მის შემორიგებაზე ფიქრი, იქნებ ასე უკეთესიც ყოფილიყო.

იმ დღეს ჩემი საქმე ნახევარი საათით ადრე დავასრულე და ჩაფიქრებულმა თავისუფლების მეტროს გავლით, ლესელიძის ქუჩისაკენ ავიღე გეზი, რადგან სიონის ტაძართან ახლოს ჩემს საყვარელ საეკლესიო კაფეში შევსულიყავი.

საოცარი გარემო, სადაც მხოლოდ ნაკურთხ ცომეულს ამზადებდნენ განსაკუთრებულ განწყობას მიქმნიდა. ჭამა არ მინდოდა, მხოლოდ სულიერი სიმშვიდისათვის მივედი, ამიტომაც უბრალოდ ყავა შევუკვეთე.

ფიქრებში გართულმა მოგვიანებით შევამჩნიე უცნობი მამაკაცის მზერა, რომელიც დაჟინებული მიმზერდა თან ფურცელზე რაღაცას შეუჩერებლივ ხატავდა.

წასვლა, რომ დავაპირე უცხო მამაკაცი კარებთან წამომეწია, გაკვირვებულმა შევხედე ის კი ნაღვლიანი მიმზერდა, ვეღარაფერი ვუთხარი. ჩემდაუნებურად მას ნახატი გამოვართვი, რომელსაც მაწვდიდა.

- სახელი მაინც მითხარით?- წამომაწია სიტყვა უცნობმა

- დაივიწყეთ გოგონა, რომელიც დახატეთ- მკაცრად მივუგე.

- რატომ? მე ხომ სულ ახლახან აღმოგაჩინეთ?

- იმიტომ რომ - თავი გადავაქნიე და გამოვეცალე იქაურობას.

მეორე დღეს მამა გიორგისთან გასაუბრება მომინდა, უთენია მივედი ტაძარში, მოძღვარი არ დამხვდა თუმცა იყო მესანთლე რომელმაც მამაოს ნომერი მომცა.

სამსახურში მისულს მეგონა ფერჰატს ვნახავდი, მაგრამ არა, ის არ მოსულა.

სასოწარკვეთილი სალომეს დავეკითხე:- უფროსი ხომ არ გინახავს მეთქი?

 -არაა- მომიგო მან, ისე რომ ეჭვი არაფერზე გასჩენია.

სრულიად მოვიშალე იმ დღეს, მუშაობისას ხელები მიცახცახებდა, მეგონა, რომ რაიმე გამიტყდებოდა. შიშით გავხედავდი ხოლმე  ჭურჭელს, რომელიც მაგიდიდან უნდა ამეკრიფა.

ვფიქრობ შეშლილობის ზღვარზე ვიყავი, გულს თითქოს ცხელი შანთებით მიწვავდნენ.ესე გაგრძელდა რამოდენიმე დღე.

დაღამებამე იმედი მქონდა რომ მოვიდოდა , მაგრამ რაკი არ გამოჩნდა გულმა ისევ ლესელიძის კაფისაკენ გამიწია.

ამჯერად არაფერი მომითხოვია, ორივე ხელით ნიკაპს ვეყრდნობოდი და თვალით ერთ წერტილს მივშტერებოდი.

დაახლოებით ოციოდე წუთის შემდეგ ნაცნობი ხმა ჩამესმა:

- აი, ინებეთ-ის ისევ ჩემს ახლად დახატულ პორტრეტს მაწვდის, ნახატიდან სევდიანი მარიცა მიმზერდა.

აღფრთოვანებაში მომიყვანა მისმა ნიჭიერებამ, ხასიათზეც კი მოვედი.

- დაბრძანდით- ხელით სკამისკენ მივუთითე.

- თქვენი სახელი?- მიმეორებს შეკითხვას ახლიდან.

-მარიცა მქვია

- მარიცა? საოცარია,

პირველად მესმის მსგავსი სახელი.

- როგორც მდინარე ედირნეში- ვიმეორებ ფერჰატის სიტყვებს.

- ცდებით, მხოლოდ თურქეთს არ ესაზღვრება ეგ მდინარე- შემისწორა ვაჟმა.

-როგორ?- გაკვირვებით შევხედე

-ძირითადად ბულგარეთს ასევე საბერძნეთსაც.

- საიდან იცით?- წამომცდა თუმცა ენაზე ვიკბინე.

მას გაეღიმა, მაგრამ არაფერი უპასუხნია.

- სიონში დადიხართ?- მეკითხება.

- არა სამწუხაროდ, თქვენ?

- მე კი, ხატმწერი ვარ, ვცდილობ ეკლესიურად ვიცხოვრო.

- თქვენ რა გქვიათ?- ვუბრუნებ შეკითხვას.

- ლევან ოქროპირიძე, სულ ახლახანს გამოვედი ციხიდან, ხატების წერა და უფალზე ფიქრი საპყრობილეში დავიწყე- თქვა და გულიც თითქოს თან ამოაყოლაო ისე ამოიოხრა.

რაღაცნაირი იყო ლევანი, ცისფერ თვალება სუსტი, დაბალი, თეთრი პირსახის, სწორი ცხვირით.

- კიდევ შევხვდებით?- მეკითხება წასვლისას

- არა მგონია- იმედი გადავუწურე, რადგან არავის აქვს უფლება ადამიანს იმედი მისცეს ბოლოს კი ხელიდან გამოეცალოს.

ისედაც ერთადერთ ადგილზე ვიყავი შეყვარებული მთელს თბილისში და იმის გამო ,რომ მისთვის გული არ მეტკინა იქ მისვლაც კი ავიკრძალე.

ადამიანის ბუნებაც ხომ ისეთია, არავის უნდა საეჭვო წარსულის მქონე ადამიანებთან ურთიერთობა.

შინ მისულზე შევნიშნე, რომ სადარბაზოსთან პატრულის მანქანა იდგა.

- ვისთანაა პოლიცია?- დავეკითხე ერთ- ერთ მეზობელს.

- ისევ ქეთინომ გამოიძახა შვილო, დააწიოკა მეზობლის ქალები-მომიგო მან და სწრაფი ნაბიჯებით კიბეები აირბინა.